ჯემნიუსი და ესტონეთის ესტონეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრი (ESTDEV) უკვე მესამედ, კონკურსის შედეგად არჩევს საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების ავტორებს, რომლებსაც ჯილდოს სახით გადაეცემათ ფულადი პრემია.
“შუქის” მესამე რაუნდის გამარჯვებულები არიან:
“პარლამენტარის ხმის საფასური, – რაში გაუცვალა ოპოზიციონერმა ხაბულიანმა ხმა “ქართულ ოცნებას”.
ოთხთვიანი ჟურნალისტური გამოძიება შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2023 წელს ახალი, ე.წ. “სასამართლო კლანთან” დაახლოებული წევრებით შევსებას. ჟურნალისტები გვიყვებიან, რომ “ქართულ ოცნებას” სასურველი კანდიდატების გაყვანაში საკუთარი ხმებით ოპოზიციაც დაეხმარა. მასალით გამოაშკარავდა, რომ ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის ბიზნესმა ხმის მიცემის შემდეგ სარგებელი მიიღო.
„ბეტონის კედლებს მიღმა – ფსიქიატრიულ დაწესებულებებში შელახული უფლებები“.
ჟურნალისტური გამოძიება გვიამბობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებისადმი ღირსების შემლახავი მოპყრობისა და ძალადობის შესახებ. დაბმა, ჩაკეტვა, ძალადობა, უგემური საკვები, სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემები, გაუმართავი ინფრასტრუქტურა და ქართულ ფსიქიატრიაზე დასმული საბჭოთა დამღა, – ყოფილი პაციენტები და უფლებადამცველები “სტუდია მონიტორს” მძიმე ამბებს უზიარებენ. არაერთი ანგარიში ადასტურებს, რომ ეს გამოწვევა სისტემურ პრობლემას წარმოადგენს, რაზეც სახელმწიფო არ რეაგირებს.
“აქ არა, იქ ილოცეთ – იზღუდება თუ არა მუსლიმი თემის უფლებები დაბა ადიგენში”
სტატია გვიამბობს ადიგენში, რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილი უთანხმოების შესახებ. მართლმადიდებელი მრევლის ნაწილი საცხოვრებელ სახლში მუსლიმების სალოცავი სივრცისა და სასულიერო სასწავლებლის არსებობას აპროტესტებს. სალოცავი საცხოვრებელ სახლში მერაბ (იუსუფ) მიქელაძემ მოაწყო. აქ ის მუსლიმები ლოცულობენ, რომლებიც სხვადასხვა სოფლებიდან დაბა ადიგენში ჩამოდიან და დღის განმავლობაში სოფლის სალოცავში ასვლას ვერ ასწრებენ.
პროექტის მიზანია ეთიკური და პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკის წახალისება საქართველოში.