პრემია შუქის მეოთხე რაუნდის ფინალისტები

პრემია შუქის მეოთხე რაუნდის ფინალისტები უკვე ცნობილია. კონკურსის სამი გამარჯვებული ნამუშევარი მოგვიანებით დასახელდება.

გაეცანით ფინალისტებს:

ეკა ქევანიშვილის მასალა ეხება კურორტ ბახმაროში სამშენებლო კომპანია „ორბის“ მიერ 350 აპარტამენტისგან შემდგარი მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის საკითხს. 2024 წლის იანვრის დასაწყისში კომპანია „ორბიმ“ მომავალი შენობის პირველი ფოტორენდერები გამოაქვეყნა და ბინების გაყიდვაც დააანონსა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კომპანია ბახმაროში ასმილიონდოლარიან ინვესტიციას დებს. „ორბი“ ბახმაროში სულ 10 ჰექტარ მიწას ფლობს. მას სახელმწიფომ 4 ჰექტარზე ცოტა მეტი ტერიტორია სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა.

ბოლო ხუთ წელში, ადიგენის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 4.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. აქედან მინიმუმ 1.5 მილიონი ლარი პირდაპირი შესყიდვებით ისევ ადიგენის მერიისა და მისი იურიდიული პირების თანამშრომლებმა, ან მათ ნათესავებმა, ასევე, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა პირებმა მიიღეს. “სამხრეთის კარიბჭის” სტატია დაინტერესდა, კონკრეტულად ვის უფორმებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია ხელშეკრულებებს და საბოლოოდ, ვისთან მიდის, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფული.

სტატიაში თაკო ფეიქრიშვილი სვირში, აწყირსა და ვალეში არსებული სასმელი წყლის პრობლემების შესახებ მოგვითხრობს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათ წელში ახალციხის მუნიციპალიტეტის ამ 3 დასახლებაში წყლის პრობლემის მოსაგვარებლად დაახლოებით 10 მილიონი ლარი დაიხარჯა, პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. ამ სოფლებში სასმელ წყალზე გამოცხადებული ტენდერების ნაწილი ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი ან/და მოქმედი თანამშომლების,(მათ შორის ყოფილი მერის) კომპანიებმა მოიგეს. ნაწილი კი – თვითმმართველობასთან ან მმართველ პარტიასთან დაახლოებულმა და ამავდროულად კორუფციაში ბრალდებულმა პირებმა.

ლიზა ციციშვილის სიუჟეტი გვიამბობს ფილმ “მშფოთვარე მოგონებებზე”, რომელიც ლატვიელმა ავტორმა ელინა ლანგე იონათამიშვილმა 2019 წელს გადაიღო და სადაც რუსული აგრესიაა ასახული დაბომბილ ქართულ სოფლებში.

ანონიმური ავტორების საგამოძიებო მასალა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის რუსულ ქონებაზე გვიამბობს. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი რუსეთთან კავშირებს პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ უარყოფს, ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ მან 2012 წლის შემდეგაც განაგრძო რუსეთში უძრავი ქონების გაფართოება. ოჯახის უახლესი შენაძენი კი 2024 წლით თარიღდება.

“სტუდია მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიება “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნის, რომეო მიქაუტაძის არადეკლარირებულ შემოსავლებსა და ევროპულ უნივერსიტეტებში შვილების განათლებაზე გვიამბობს. გამოძიება ცდილობს უპასუხოს კითხვას, თუ როგორ შეიძინა ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანის მეუღლემ ბინა ესპანეთის დედაქალაქის ისტორიულ უბანში? ჟურნალისტებმა მოიძიეს ინფორმაცია მიქაუტაძეების სამშენებლო და სასტუმრო ბიზნესებზე, ძვირადღირებულ უძრავ ქონებაზე, ასევე – მაღალჩინოსნის ინტერესებზე ჰესების მშენებლობაშიც.

    “ნეტგაზეთის” მასალა რუსული კანონის მესამე მოსმენის დღეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან განთავსებული დროებითი ჯებირის დაზიანებისას დაკავებულ 19 და 23 წლის ახალგაზრდებს ეხება. მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ჟურნალისტი განიხილავს, თუ Რამდენად პროპორციულია 6 წლამდე საპატიმრო სასჯელი 400 ლარად შეფასებული ზიანისთვის? ლიმიტი ზიანისთვის, რომლის გამოც შეიძლება მოქალაქე ბევრი წლით ჩაჯდეს ციხეში, გაცილებით ნაკლები — 150 ლარია. მუხლი კი, რომელიც ამგვარ სასჯელს ითვალისწინებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გასული წლის მარტის აქციების შემდეგ გაჩნდა.

    თბილისის ვიცე-მერი, 42 წლის ირაკლი ხმალაძე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, უსახლკაროა; “სტუდია მონიტორის” საგამოძებო მასალა სწორედ მის ქონებას ეხება, რომლის ღრებულებამაც ხმალაძის საჯარო სამსახურში დასაქმების შემდეგ დააახლოებით 2 მილიონ ლარს მიაღწია.

    აპრილი მედიას სტატია “ქართული ოვნების” ჰომოფობიურ პროპაგანდაზე მოგვითხრობს – დაწყებული 2013 წლის 17 მაისიდან დღემდე, როდესაც მმართველი პარტია კანონპროექტს იღებს, რომელიც “ლგბტ პროპაგანდას” კრძალავს და საარჩევნო კამპანიას სწორედ ამ თემაზე აგებს.

    აქტივისტების დევნა საპროტესტო აქციებზე და სერიული დაკავებები პროტესტის ჩახშობის მიზნით. პოლიციის ჩვენებები – მთავარი იარაღი სასამართლოს ხელში – “სტუდია მონიტორმა” სცადა ეჩვენებინა, როგორ იბრძვის ხელისუფლება საქართველოში გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ? რატომ ხუჭავს სასამართლო თვალს ობიექტურ მტკიცებულებებზე და რისთვის აჯარიმებს აქტივისტებს?

    “აი, ფაქტის” სტატია არის იმაზე, თუ როგორ ზრდის ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს ხელოვნურად – სამთავრობო ა(ა)იპ-ებში შტატების “გაბერვით”. სტატიის ავტორებმა სცადეს გაერკვიათ, როგორ გაჩნდა “გამოგონილი სამსახურები” სოციალურად დაუცველთა დასაქმებისთვის და როგორ მივიღეთ ბიუჯეტის კმაყოფაზე მყოფი მეტი საჯარო მოსამსახურე, რაც მმართველი პარტიისთვის მეტ გარანტირებულ ხმას ნიშნავს არჩევნებზე.

    პროექტ 64-ის მასალა ბალდის კანიონზე გვიამბობს, სადაც უკვე 9 თვეა მოსახლეობა ბალდის კანიონის კერძო კომპანიაზე 40 წლით გასხვისებას კარვებში აპროტესტებს. კომპანია და სახელმწიფო კი თავის პოზიციას არ თმობს.

    სტუდია მონიტორი ათობით საქართველოს მოქალაქეზე გვიყვება, რომლებიც მექსიკის გავლით საკმაოდ სარისკო გზით ამერიკაში მოხვედრას ცდილობენ. ამ დროს კი ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონის მხარდაჭერით საქართველოს მთავრობამ უარი თქვა აშშ-ის კონგრესში ინიცირებულ “MEGOBARI” აქტზე, რომელიც სხვა ბენეფიტებთან ერთად, აშშ-სთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას ითვალისწინებდა.

    მსგავსი სიახლეები

    ფინალისტებით