პრემია შუქის მესამე რაუნდის ფინალისტები

პრემია შუქის მესამე რაუნდის 10 ფინალისტი უკვე ცნობილია. კონკურსის სამი გამარჯვებული ნამუშევარი კი 19 ივნისს დასახელდება.

გაეცანით ფინალისტებს:

ოთხთვიანი ჟურნალისტური გამოძიება შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2023 წელს ახალი, ე.წ. “სასამართლო კლანთან” დაახლოებული წევრებით შევსებას. ჟურნალისტები გვიყვებიან, რომ “ქართულ ოცნებას” სასურველი კანდიდატების გაყვანაში საკუთარი ხმებით ოპოზიციაც დაეხმარა. მასალით გამოაშკარავდა, რომ ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის ბიზნესმა ხმის მიცემის შემდეგ სარგებელი მიიღო.

ჟურნალისტური გამოძიება გვიამბობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებისადმი ღირსების შემლახავი მოპყრობისა და ძალადობის შესახებ. დაბმა, ჩაკეტვა, ძალადობა, უგემური საკვები, სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემები, გაუმართავი ინფრასტრუქტურა და ქართულ ფსიქიატრიაზე დასმული საბჭოთა დამღა, – ყოფილი პაციენტები და უფლებადამცველები “სტუდია მონიტორს” მძიმე ამბებს უზიარებენ. არაერთი ანგარიში ადასტურებს, რომ ეს გამოწვევა სისტემურ პრობლემას წარმოადგენს, რაზეც სახელმწიფო არ რეაგირებს.

სტატია გვიამბობს ადიგენში, რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილი უთანხმოების შესახებ. მართლმადიდებელი მრევლის ნაწილი საცხოვრებელ სახლში მუსლიმების სალოცავი სივრცისა და სასულიერო სასწავლებლის არსებობას აპროტესტებს. სალოცავი საცხოვრებელ სახლში მერაბ (იუსუფ) მიქელაძემ მოაწყო. აქ ის მუსლიმები ლოცულობენ, რომლებიც სხვადასხვა სოფლებიდან დაბა ადიგენში ჩამოდიან და დღის განმავლობაში სოფლის სალოცავში ასვლას ვერ ასწრებენ.

მეოთხე ვადით ხელისუფლებაში მოსვლის მსურველი „ქართული ოცნება“ პროჩინური ორიენტაციის პროპაგანდას ააქტიურებს და ჩინეთს დემოკრატიული პარტნიორების ალტერნატივად წარმოაჩენს. “ნეტგაზეთის” სტატიაში საუბარია იმ შესაძლებლობებსა და საფრთხეებზე, რაც საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის შედეგად არის მოსალოდნელი.

რამდენად აისახება პროჩინური პოლიტიკური ნარატივები რეალურ გადაწყვეტილებებში, ვისთვის და რატომ არის ახალი სტრატეგია მომგებიანი და რამდენად ახდენს ის გავლენას საზოგადოებრივ აზრზე? – გამოცემა ამ კითხვებზე ცდილობს პასუხის გაცემას.

შპს „სიტი გაიდი“ ბათუმის სანაპიროზე, პირდაპირ ზღვასთან, თამარის დასახლებაში, მდინარე ყოროლისწყლის შესართავთან 3 ცათამბჯენს ააშენებს. მშენებელი კომპანიის მეწილეები სიმბოლურ ერთ ლარად გახდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი „ოცნებიდან“, გოჩა ენუქიძე და ასევე „ოცნებიდან“ კიდევ ერთი პარლამენტარის, გოდერძი ჩანქსელიანის შვილი, ბუბა ჩანქსელიანი. “ბათუმელები” სწორედ ამ ფაქტების შესახებ გიამბობთ.

სტატიაში საუბარია ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირებისთვის, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 300–მდე ჰექტარი მიწის ნაკვეთის ერთ დღეში, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაცემაზე. გადაცემიდან მალევე, მიწების ნაწილი ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირებზე გაასხვისეს, ნაწილი კი გააჩუქეს. ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე 500 ჰექტარ მიწას, იჯარის ხელშეკრულებით წლებია იყენებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიც. 

ტელეკომპანია ფორმულას სიუჟეტი ფოტოგრაფებზე გვიამბობს, რომელთა ობიექტივშიც თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციები მოხვდა.

სტატია რეგიონში არსებულ მიწის ნაკვეთების მოუგვარებელ პრობლემაზე გვიამბობს. სამცხე-ჯავახეთში შემოსავლის მთავარი წყარო მესაქონლეობა და მიწათმოქმედებაა, არაერთი გლეხი კი სახნავ-სათესისა და საძოვრის გარეშეა დარჩენილი. ეს მაშინ, როცა მაღალჩინოსნები მილიონობით კვადრატულ მეტრს ფლობენ. ადგილობრივი მოსახლეობა უთანასწოროდ გადანაწილებულ მიწებზე წუხს.

მარნეულელი იანვარ (ენვერ) უმბატოვი აფხაზეთის ომში იბრძოდა. 1993 წლის 4 ივნისს სამხედრო დავალების წარმატებით შესრულების შემდგომ უკან დაბრუნებისას ჩასაფრებაში მოყვა, თანამებრძოლები სიკვდილს გადაარჩინა თავად კი დაიღუპა.
თუმცა მის სახელს ვერ იპოვით საქართველოსთვის თავდადებული გმირების მემორიალზე მარნეულში.

“ახალგაზრდების 62% საერთოდ არ არის დაინტერესებული პოლიტიკით” — წერია ფრიდრიხ ებერტის ფონდის 2022 წლის კვლევაში. ეს საკითხი ეჭვქვეშ დააყენა 2023 წლის 7-8 მარტის საპროტესტო აქციებმა, როდესაც ახალგაზრდებმა რუსული კანონის ჩაგდებაში დიდი როლი ითამაშეს. “ქართულმა ოცნებამ” დაინახა, რომ როდესაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი წყდება, ახალგაზრდებს საკუთარი პოლიტიკური ნების დაცვა შეუძლიათ. 2024 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, “ოცნება” აპირებს, ახალგაზრდების დასაქმების პრობლემა, რომელიც საქართველოში მრავალი წელია არსებობს, მათთვის საჯარო სტრუქტურებში დროებითი სტაჟირების შეთავაზებით მოაგვაროს. ეს და მთავრობის სხვა “მასშტაბური” წინადადებები კი კითხვასაც აჩენს — ხომ არ ცდილობს მმართველი პარტია წინასაარჩევნოდ ახალგაზრდების ხმების მოსყიდვას.

მსგავსი სიახლეები

ფინალისტებით