ჯემნიუსი და ესტონეთის ესტონეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრი (ESTDEV) უკვე მეოთხედ, კონკურსის შედეგად არჩევს საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების ავტორებს, რომლებსაც ჯილდოს სახით გადაეცემათ ფულადი პრემია.
“შუქის” მეოთხე რაუნდის გამარჯვებულები არიან:
“ვის დარჩება ბახმარო?“
ეკა ქევანიშვილის მასალა ეხება კურორტ ბახმაროში სამშენებლო კომპანია „ორბის“ მიერ 350 აპარტამენტისგან შემდგარი მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის საკითხს. 2024 წლის იანვრის დასაწყისში კომპანია „ორბიმ“ მომავალი შენობის პირველი ფოტორენდერები გამოაქვეყნა და ბინების გაყიდვაც დააანონსა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კომპანია ბახმაროში ასმილიონდოლარიან ინვესტიციას დებს. „ორბი“ ბახმაროში სულ 10 ჰექტარ მიწას ფლობს. მას სახელმწიფომ 4 ჰექტარზე ცოტა მეტი ტერიტორია სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა.
“ბიუჯეტი სოფლისთვის და „ოცნების“ მხარდამჭერებისთვის – ვის მისცა ადიგენის მერიამ 1.5 მლნ ლარი”
ბოლო ხუთ წელში, ადიგენის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 4.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. აქედან მინიმუმ 1.5 მილიონი ლარი პირდაპირი შესყიდვებით ისევ ადიგენის მერიისა და მისი იურიდიული პირების თანამშრომლებმა, ან მათ ნათესავებმა, ასევე, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა პირებმა მიიღეს. “სამხრეთის კარიბჭე” დაინტერესდა, კონკრეტულად ვის უფორმებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია ხელშეკრულებებს და საბოლოოდ, ვისთან მიდის, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფული.
“ოცნების ჩინოვნიკის ევროპული ცხოვრება”
“სტუდია მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიება “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნის, რომეო მიქაუტაძის არადეკლარირებულ შემოსავლებსა და ევროპულ უნივერსიტეტებში შვილების განათლებაზე გვიამბობს. გამოძიება ცდილობს უპასუხოს კითხვას, თუ როგორ შეიძინა ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანის მეუღლემ ბინა ესპანეთის დედაქალაქის ისტორიულ უბანში? ჟურნალისტებმა მოიძიეს ინფორმაცია მიქაუტაძეების სამშენებლო და სასტუმრო ბიზნესებზე, ძვირადღირებულ უძრავ ქონებაზე, ასევე – მაღალჩინოსნის ინტერესებზე ჰესების მშენებლობაშიც.
პრემია “შუქის” მიზანია ეთიკური და პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკის წახალისება საქართველოში.