ჟურნალისტური პრემია “შუქის” ბოლო რაუნდი და საზეიმო დახურვა

25 სექტემბერს, თბილისში, “ფაბრიკაში”, ჟურნალისტური პრემია “შუქის” ბოლო, მეოთხე რაუნდის გამარჯვებულების გამოვლენისა და პროექტის დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები, ის ჟურნალისტები, ვინც ამ ერთი წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროს, პრემიის მფლობელები გახდნენ და ჟიური, რომელიც გამარჯვებულ ნამუშევრებს არჩევდა.

პრემია “შუქის” ბოლო, მეოთხე რაუნდის გამარჯვებულები გახდნენ:

“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი ეკა ქევანიშვილი, მასალისთვის “ვის დარჩება ბახმარო? , რომელიც ეხება კურორტ ბახმაროში სამშენებლო კომპანია „ორბის“ მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის საკითხს. ჟურნალისტი იკვლევს, რა ელის ბახმაროს, თუ ეს კომპლექსი აშენდება.

რეგიონული გამოცემა “სამხრეთის კარიბჭეს” ჟურნალისტი თაკო ფეიქრიშვილი, მასალითვის – “ბიუჯეტი სოფლისთვის და „ოცნების“ მხარდამჭერებისთვის – ვის მისცა ადიგენის მერიამ 1.5 მლნ ლარი. ეს საგამოძიებო მასალა ადიგენის მერიაში არსებულ კორუფციულ გარიგებებს ავლენს. ირკვევა, რომ ბოლო ხუთ წელიწადში, მერიამ, 1,5 მლნ ლარი მერიის თანამშრომლებისა და მათი ახლობლების კომპანიებს გაუნაწილა, პირდაპირი შესყიდვების წესით.

მესამე გამარჯვებულები კი არიან “სტუდია მონიტორის” გამომძიებელი ჟურნალისტები ცქრიალა შერმადინი და ნინო ზურიაშვილი. მათი ფილმი ოცნების ჩინოვნიკის ევროპული ცხოვრება” “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნის, რომეო მიქაუტაძის არადეკლარირებულ შემოსავლებსა და ევროპულ უნივერსიტეტებში შვილების განათლებაზე გვიამბობს. გამოძიება ცდილობს უპასუხოს კითხვას, თუ როგორ შეიძინა ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანის მეუღლემ ბინა ესპანეთის დედაქალაქის ისტორიულ უბანში?

ჟურნალისტური პრემია “შუქი” გაიცემოდა 2023 წლის სექტემბრიდან. პროექტს ახორციელებდა რეგიონული მედია პორტალი JAMnews-ი და ესტონეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრი.

ესტონეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრი (ESTDEV) არის მთავრობის მიერ დაფინანსებული ფონდი, რომელიც პასუხისმგებელია ესტონეთის საერთაშორისო და ჰუმანიტარული დახმარების პროექტების მართვასა და განხორციელებაზე.

პროექტი ერთწლიანი იყო. პრემიას ჰყავდა მუდმივი ჟიური, რომელიც ქართველი და უცხოლი ჟურნალისტებისა და მედია ექსპერტებისგან შედგებოდა. გამარჯვებულები ყოველ სამ თვეში ერთხელ ცხადდებოდნენ.

ჯამში, ერთი წლის განმავლობაში, ჟურნალისტური პრემია “შუქი”, რომელიც ფულადი ჯილდო, 1000 ევროს შეადგენდა, 12 ჟურნალისტური მასალის ავტორმა მიიღო.

საიტზე, რომელიც სპეციალურად ამ პრემიისთვის შეიქმნა, ყველა გამარჯვებული ჟურნალისტური ნაშრომის ნახვა შეგიძლიათ.

“ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და მხარდაჭერა ჟურნალისტებისთვის ამ რთულ, პოლარიზებულ მედიაგარემოში. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ უამრავი მაღალი სტანდარტებით მომზადებული ჟურნალისტური მასალა, სულ უფრო გვიჭირდა გამარჯვებულების გამოვლენა, რაც, ცალსახად, ძალიან კარგი ამბავია”, – თქვა პროექტის დახურვისას ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, ჟურნალისტმა, მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ.

“ისეთი ავტორების გვერდით ვიყავი ფინალისტებში, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ დღეს აქ ვიდგებოდი. ეს დიდი მოტივაცია და დიდი სტიმულია”, – თქვა დაჯილდოებისას ჟურნალისტმა თაკო ფეიქრიშვილმა, რომელმაც გაამხილა, რომ ეს მისი პირველი საგამოძიებო ნაშრომი იყო და ამიტომ, გაათმაგებულად ღელავდა.

“მაშინ, როდესაც ჩვენი ხელისუფლება ებრძვის ყველაფერს ევროპულს, ჩვენ გამოვიკვლიეთ, რომ თავად ჩინოვნიკები კომფორტულ ცხოვრებას იწყობენ ევროპის ქვეყნებში“, – აღნიშნა “სტუდია მონიტორის” გამომძიებელმა ჟურნალისტმა ცქრიალა შერმადინმა.

პრემიის გარდა, პროექტის ფარგლებში შედგასასწავლო ტური ჟურნალისტებისთვის ესტონეტში. ტურის ფარგლებში ქართველი ჟურნალისტები ერთი კვირის განმავლობაში ესტონეთის ცენტრალური და ადგილობრივი მედიების გამოცდილებას ეცნობოდნენ.

მსგავსი სიახლეები

ფინალისტებით