“ჯემნიუსი” და “ესტონეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრი” (ESTDEV) აცხადებს კონკურსს საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების გამოსავლენად. კონკურსის მიზანია მედიის როლის გაძლიერება და მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება ქართულ მედიაში.
დამოუკიდებელი მედია ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური სამ თვეში ერთხელ გამოავლენს საუკეთესო ჟურნალისტური პროდუქტის სამ ავტორს, ერთი წლის განმავლობაში სულ 12 ავტორს. თითოეული გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს 1000 ევროს ოდენობით (გადასახადების გარეშე).
გამარჯვებული ავტორების მასალები განთავსდება პროექტის ვებგვერდზე: www.shukiawards.net
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ჟურნალისტს ინდივიდუალურად, ან ჟურნალისტების ჯგუფს, თუ კი საკონკურსო მასალა თანაავტორობით მომზადდა. ნომინანტმა საკონკურსო ნამუშევარს უნდა დაურთოს მედია პლატფორმაზე გამოქვეყნების დამადასტურებელი ბმული. ასევე მითითებულ ელფოსტაზე უნდა გამოაგზავნოს საკონკურსო მასალის მოკლე აღწერა ინგლისურ ენაზე (დაახლოებით 600 სიმბოლო).
კონკურსანტის მიერ მომზადებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს პროფესიულ მედია და ეთიკურ სტანდარტებს, შეიცავდეს სოციალურად მნიშვნელოვან ინფორმაციას, წარმოაჩენდეს დღეისათვის საქართველოში არსებული მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ ეკონომიკური საკითხების გაშუქებას. მათ შორის ისეთ თემებს, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, ევროპული ღირებულებები, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და ა.შ.
საკონკურსო ნაშრომად ჩაითვლება მხოლოდ კონკურსის გამოცხადებამდე უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში მომზადებული ჟურნალისტური პროდუქტი (2023 წლის 15 აპრილიდან 2023 წლის 15 ოქტომბრამდე). ჟურნალისტური ნამუშევარი უნდა იყოს მხოლოდ ქართულ ენაზე და მიზნად ისახავდეს საქართველოში არსებული პრობლემური და აქტუალური საკითხების სრულყოფილ გაშუქებას. კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ ასევე ავტორებს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან, თუმცა საკონკურსო მასალა უნდა იყოს გამოქვეყნებული ქართულ ენაზე.
ჟიური განიხილავს ისეთი ჟანრის ჟურნალისტურ პროდუქტებს, როგორიცაა: სიღრმისეული რეპორტაჟი, ციფრული რეპორტაჟი ან ანალიტიკური მასალა, რადიო რეპორტაჟი, მულტიმედია პროექტი, სატელევიზიო სიუჟეტი. შეფასების კომისია არ განიხილავს არასრულფასოვნად, ან ცალმხრივად მომზადებულ ჟურნალისტურ ნამუშევრებს.
კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ კომერციული, ან არასამთავრობო ორგანიზაციები, კომპანიები, ინსტიტუციები ან სხვა იურიდიულ პირები.
კონკურსის მიზანი ინფორმატიული, ობიექტური და მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების შესაბამისად მომზადებული მედია პროდუქტის გამოვლენაა, ამიტომ კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ისეთი ჟანრის პროდუქტების ავტორები, როგორიცაა სარედაქციო სვეტი, ბლოგი, მოსაზრება, ან სხვა მსგავსი ფორმატი.
პლაგიატი, ანუ სხვა ავტორის ტექსტისა და იდეების, გამოყენება და წარმოდგენა, როგორც საკუთარის, გამოიწვევს მონაწილის კონკურსიდან მოხსნას. თუ კი პლაგიატი კონკურსის დასრულების შემდეგ გამოვლინდა, ჯილდოს შესახებ გადაწყვეტილება გაუქმდება.
გამარჯვებული ავტორები გამოვლინდებიან შემდეგი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით:
1. თემის აქტუალობა საქართველოსთან მიმართებაში და მისი წვლილი ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების პოპულარიზაციაში;
2. დაბალანსებული, ობიექტური, ფაქტებით გამყარებული და სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით მომზადებული მედია პროდუქტი;
3. ქართული ენის ლექსიკა, სტილი და სტრუქტურა;
4. თემის სიღრმისეული გაშუქება;
5. მოცემულ თემასთან დაკავშირებით საზოგადოების პოზიცია და მათი რეაქციების ასახვა;
6. ეთიკური სტანდარტებთან შესაბამისობა.
“ესტონეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრი” (ESTDEV) იტოვებს უფლებას განათავსოს, გამოაქვეყნოს ან გაავრცელოს გამარჯვებული ავტორების ნამუშევრები ორგანიზაციის ვებგვერდზე, გამოიყენოს საკუთარ პუბლიკაციებსა და სარეკლამო მასალებში. საავტორო უფლებები ეკუთვნის ავტორს და მას აქვს სამართლიანი უფლება მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია მათი ნამუშევრების სხვა მედია საშუალების მიერ გამოქვეყნების შემთხვევაში, გარდა ESTDEV-ის პუბლიკაციების, ვებგვერდის და სარეკლამო მასალებისა.
განაცხადი შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected];
განმცხადებელმა ელექტრონული წერილის საგანში უნდა მიუთითოს სახელი, გვარი და მედია საშუალების სახელწოდება.